კესანე საკანდელიძე: “ყველას შეუძლია სწავლა თუკი სწორ საგანმანათლებლო სისტემაში მოვახვედრებთ”

“ბრწყინვალე”! “კარგი გაგებით, გადატრიალება”!

პირველი შეფასება სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს ეკუთვნის, მეორე – განათლების სფეროს ქართველ წარმომადგენლებს, ანგარიშგასაწევ პრაქტიკოსებს. 

მათი აღტაცების საგანია 37 წლის ფსიქოლოგის, კესანე საკანდელიძის სადოქტორო ნაშრომი, რომელიც განათლების სამფაზიან მოდელს იკვლევს. 

– ეს მოდელი ასახავს განათლების სამფაზიან კომბინაციას, რომელიც აუცილებელია თუკი გვინდა გაიზარდოს აკადემიური მოსწრება და მოსწავლის ემოციური ინტელექტი, – ამბობს კესანე საკანდელიძე, – პირველი ფაზაა სკოლის მოსწავლისთვის ფსიქოლოგიური ცოდნის მიწოდება მისივე საჭიროების  შესაბამისად, რაც სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა; მეორეა მასწავლებლების ემოციური განათლების კომპეტენცია; მესამე – მშობლების ასაკობრივი ფსიქოლოგიის ცოდნა.  

ამ ფაზების მიუხედავად, მოდელის ძირი ერთია – ფსიქოლოგიის ცოდნის შეტანა სკოლაში, რადგან სწორედ სკოლის მოსწავლე ხდება შემდეგ მშობელიც და მასწავლებელიც. თუმცა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, შედეგის უფრო სწრაფად მისაღებად, მისი სამ ფაზად დაყოფა უმჯობესია. ამ დასკვნამდე მიმიყვანა იმ გამოცდილებამაც, რომელიც ბაღებში, სკოლებში, დამოუკიდებელ ფსიქოლოგად მუშაობის დროს მივიღე. პრაქტიკაში ყველაზე კარგად ჩანს საჭიროებები და სადოქტორო ხარისხის განათლების ფსიქოლოგიაში გაკეთებაც ამ საჭიროებების აღმოჩენამ მიკარნახა. 

ამ მოდელის მიხედვით იმუშავებს ფსიქოლოგიური სერვისების ცენტრი “სინაფსი”, რომელიც ახლახან გახსენით?

– დიახ, “სინაფსის” ერთ-ერთი მიმართულება, საგნობრივ-განმავითარებელი პროგრამა სწორედ ამ მოდელის მიხედვით იმუშავებს, რა თქმა უნდა, ოდნავ სახეცვლილი, მცირე რაოდენობის ბავშვებზე მორგებული. აქ თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით შედგება ყველა საგაკვეთილო პროგრამა, გავყვებით ყველა ბავშვის ფსიქოემოციურ მაჯისცემას და ბავშვების მშობლებს მივაწვდით ასაკობრივი ფსიქოლოგიის საბაზისო ცოდნას, რომელიც მათი შვილების განვითარებისთვისაა აუცილებელი.    

მე ვამტკიცებ, რომ ყველას შეუძლია სწავლა, თუკი სწორ საგანმანათლებლო სისტემაში მოვახვედრებთ. ვეწინააღმდეგები მასწავლებლის პიროვნული ნიშნით არჩევას, მისი კეთილშობილური უნარების შეფასებით, მისი ხათრით და მისი სიყვარულით სწავლას. კარგი მასწავლებელი ჩემთვის არის უნივერსალური მასწავლებელი, რომელიც კარგად აწყობილ საგანმანათლებლო სისტემაში თავის როლს ზუსტად მოირგებს და საკმარისი კომპეტენციით შეასრულებს. ეს კომბინაცია მიმართულია სწავლის მოტივაციის, ბავშვის მიერ საკუთარი შესაძლებლობის გააზრების, მოწონებისა და გამოყენებისკენ და ეს უკვე ფსიქოლოგიაა.  

ყველა დეტალის შესახებ ისეთი სიამოვნებით საუბრობთ, რომ სურვილი ჩნდება გკითხოთ: ძალიან გიყვართ თქვენი პროფესია?

– მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლას შევუდექი, არ დავუტოვებივარ შეგრძნებას, რომ ზუსტად იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც მინდა. 

თუმცა, ვიდრე ფსიქოლოგიამდე მიხვიდოდით, სხვა ფაკულტეტზე სწავლობდით, არა?

დიახ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე. მაშინ, თითქოს, ზუსტად ვიცოდი, სადაც ჩავაბარე. გერმანიაში გერმანულ სკოლაში სწავლის გამოცდილება მქონდა, მათემატიკა ჩემი წამყვანი უნარია და არც იურისპრუდენციისთვის საჭირო ლოგიკურ აზროვნებას ვუჩიოდი. მიუხედავად ამ პროფესიაზე მორგებული შესაძლებლობებისა, მობილობის წესით, უმაღლესი ქულით გადავედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 

საინტერესო არის ის, რომ ცოდნას, რომელიც ეკონიმიკისა და სამართლის ფაკულტეტზე სწავლისას შევიძინე, წარმატებით ვიყენებ ამ პროფესიაში, როგორც საშუალებას და დამატებით შესაძლებლობას. ეს კარგი ბონუსია ნებისმიერი პროფესიონალისთვის. 

რატომ – ბავშვთა ფსიქოლოგია?

– ეს არჩევანი მაგისტრატურაზე გავაკეთე. პროფესიული მიმართულება უნდა დამეკონკრეტებინა და, რადგან ბავშვი ჩემთვის პრიორიტეტია, გადავწყვიტე, ხარისხი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში დამეცვა. ვფიქრობ, რაც უფრო კარგად იცი ბავშვის ფსიქოლოგია, მით უფრო კარგად იცი სხვა ფსიქოლოგიური მიმართულებები, მათ შორის პიროვნების ფსიქოლოგია. ფსიქოთერაპევტიც კი, ბავშვთა ფსიქოლოგიის ცოდნით ბევრად უფრო პროფესიონალია, ჩემი აზრით, ვიდრე მხოლოდ სერტიფიცირებული კურსდამთავრებული.

საგნობრივ-განმავითარებელი პროგრამის გარდა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, კიდევ რას სთავაზობს ბავშვებს და მათ მშობლებს “სინასი”?

– რესტავრირების წრეს, როგორც ფსიქოგანმავითარებელ პროგრამას, რომელიც საავტორო და უნიკალურია. ჯერ მას თავისი სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ თუ ჩემს პროფესიულ ალღოს ვენდობი, მომდევნო, მინიმუმ 50 წლის განმავლობაში, ყველაზე შედეგიანი განმავითარებელი პროგრამა იქნება.

ასე რატომ ფიქრობთ?

– ნივთის რესტავრირების დროს ნატიფი მოტორიკა არა ერთგვაროვნად, არამედ  მრავალმხრივ  ვითარდება. რესტავრირების პროცესისთვის საჭიროა სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული ხელსაწყო და მასალა. მრავალგვარია ამ ხელსაწყოების გამოყენების ტექნიკაც და გამოსაყენებელი მასალაც. ორ, ერთნაირი დაზიანების მქონე ნივთსაც კი ვერ შეაკეთებთ ერთნაირი მეთოდით. შეკეთების მეთოდების ნაირგვარობა ამოცანების ნაირგვარობის ტოლფასია, ანუ შენ არ მუშაობ ერთი ამოცანის ერთი მეთოდით შესრულებაზე, შენ მუშაობ მრავალი ამოცანის მრავალი მეთოდით ამოხსნაზე, თან – ერთი მიზნისთვის.

რესტავრირება, სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, არ ავითარებს ფანტაზიას, იგი  ხელს უწყობს  დისციპლინირებულ მუშაობას, მკაცრად განსაზღვრული საბოლოო შედეგისთვის. ისე ვერ წარმართავ პროცესს, როგორც შენ წარმოგიდგენია და გინდა. ნივთი იმგვარად უნდა გააკეთო, როგორიც თავდაპირველად იყო. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ქართველ ბავშვებს ჭირდებათ – დისციპლინირებულ მუშაობაში გონების გავარჯიშება, ის, რაც სამომავლოდ ნებისმიერ საქმეში გამოადგებათ. 

საქმე ვახსენე და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რესტავრირება არის ჯერჯერობით ერთადერთი ფსიქოგანმავითარებელი პროგრამა, რომელიც გუნდურობას ავარჯიშებს საქმეში და არა თამაშში. თამაშში ნასწავლ გუნდურობას, როგორც წესი, გენერალიზება ჭირდება, საერთოდ, ყველა უნარი საჭიროებს გენერალიზებას, მარტივი არაა აიღო შესაძლებლობა და პირდაპირ რამეს მოარგო. რესტავრირება კი გუნდურობას ავარჯიშებს უშუალოდ საქმის პროცესში. 

ძალიან საინტერესო მიგნებაა. მსგავსი რამ თქვენი პროფილის სხვა ცენტრებში არც შემხვედრია… 

– ბუნებრივია, ეს ჩემი საავტორო პროგრამაა. მას ბევრი კოგნიტური სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, მაინც მისი პიროვნულ უნარებთან შეხებაა. წარმოიდგინეთ, ბავშვი ყოველ ჯერზე იმეორებს მოქმედებას, წინ უდევს დაზიანებული ნივთი და მისი გონება მიმართულია იმისკენ, თუ როგორ აღადგინოს ის, როგორ დაუბრუნოს პირვანდელი სახე. მე თუ მკითხავთ, ესაა სიკეთეც – ნახო რაღაც დაზიანებული და იცოდე როგორ გახადო ისეთივე, როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც შენ წარმოგიდგენია. მე მჯერა, რომ კეთილშობილების, როგორც პიროვნული უნარის გამომუშავება შესაძლებელია. 

რა თქმა უნდა, გვექნება ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია. გამომდინარე იქიდან, რომ პირად პრაქტიკაში არ მქონია შემთხვევა, რომელიც ვერ ვმართე, ვფიქრობ, “სინაფსი” აქაც ხარისხის მაღალ ნიშას დაიჭერს.

როგორც ვიცი, უფასო საკვირაო ლექციების ჩატარებასაც გეგმავთ.

დიახ, უფროსკლასელებისთვის, რომლებიც ფიქრობენ ფსიქოლოგები გახდნენ.

ფსიქოლოგია, დამეთანხმებით, მომხიბვლელი პროფესიაა, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა გვიანი მოზარდობის სირთულეები იჩენს თავს. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ამ სირთულეებთან გასამკლავებლად აირჩია ეს პროფესია, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოაჩინა, რომ ეს საქმე მისთვის არ არის. სწორედ ასეთები, თუკი ისინი პროფესიას არ იცვლიან და ფსიქოლოგიაში რჩებიან, შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებს არწმუნებენ, რომ თუკი მანქანა,  სახლი და აგარაკი აქვთ, შესაშფოთებელიც არაფერი ჭირთ. 

ამდენად, ჩემი, როგორც ფსიქოლოგის,  სოციალურ პასუხისმგებლობად მიმაჩნია ველაპარაკო ამ პროფესიით დაინტერესებულებს  იმის შესახებ, თუ  რას გულისხმობს ეს პროფესია, როგორ მიმდინარეობს კარგ ფსიქოლოგად ფორმირების პროცესი, როგორ გეხება მუშაობის პროცესი, სად გადის ზღვარი შენ პიროვნებასა და პროფესიას შორის, რა უნარების შეძენაა აუცილებელი და რაზე მოგიწევს უარის თქმა.

უფასო საკვირაო ლექციები  ჩემთვის ერთგვარი ვალის დაბრუნებაა ჩემი  პროფესიისათვის. ყველა პროფესიის წარმომადგენელი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ უკეთესი წარმომადგენლები ჰყავდეს მომავალში. თუმცა, ფსიქოლოგიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია, რადგან საქმე ადამიანის ფსიქიკას ეხება. როცა გადაწყვეტ სხვის ფსიქიკას შეეხო და სასიკეთო შედეგები დადო, უნდა იცოდე, რომ ჭეშმარიტი სიკეთის კეთებას უდიდესი გონი სჭირდება.

“სინაფსი” ახალი სივრცეა ქართულ ფსიქოლოგიაში. აქ უკვე არის ყველა სერვისი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?

შეიძლება ითქვს, თუმცა, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ახალი პროფილებისა და მიმართულებების დამატებას, რომ სერვისები, მაქსიმალურად მრავალფუნქციური გახდეს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეების ლიმიტი შეივსება, იგეგმება საგნობრივი პროგრამების დახურულ სისტემაზე გადაყვანა. ეს არ გამორიცხავს ახალი მოსწავლეების მიღებას, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობით და განსაზღვრული შეფასებით, რადგან არსებობს გონივრული რაოდენობა, რის ფარგლებშიც შეგვიძლია კონკრეტული პასუხისმგებლობის აღება და ზუსტად იმ შედეგის დადება, რაც მიზნად დავისახეთ. 

ზოგადად, ყველა ჩვენი გეგმა ამოდის ერთი ცენტრალური მიზნიდან, რომელიც “სინაფსს” აქვს – აამაღლოს ფსიქოლოგიისა და განათლების ხარისხი და აჩვენოს განსხვავება. ჩვენი სლოგანიც ხომ ეს არის.

Related Post

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *